რეგიონი
"გამჭვირვალობა": მარტვილის მერიის ვებ-გვერდი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდი ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ორგანიზაციის ცნობით, მუნიციპალიტეტს დღემდე არ აქვს საჯარო ინფორმაციის პროაქტიკულად გამოქვეყნების წესი დადგენილი.

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიკულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ, აღნიშნული ვალდებულება კი დღემდე არ აქვთ შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მიიღეს ზუგდიდისა და ხობისა საკრებულოებმა. მიუხედავად იმისა, რომ ხობისა და სამტრედიის საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებები არ არიან შესაბამისობაში მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ვფიქრობთ, რომ მათი მიღება წინგადადგმული ნაბიჯია - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ხობის მუნიციპალიტეტებს გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები დადგენილების სრულყოფის მიზნით“ , - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” თვითმმართველობის ორგანოს მოუწოდებს, რომ უახლოეს ხანებში შეასრულოს საქართველოს  ვალდებულება და მიიღოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ასევე,  ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა/განახლება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


Print