ახალი ამბები
გუბერნატორი: სამეგრელო-ზემო სვანეთი გასულ წელთან შედარებით ბევრად მეტ ტურისტს უმასპინძლებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და მათ სხვადასხვა დავალება მისცა, მათ შორის, პროექტების ხარისხიანად შესრულებისთვის მათი პირად კონტროლზე აყვანა და ხალხთან მეტი კომუნიკაცია დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ყველა პროექტი პირად კონტროლზე აიყვანეთ, სამუშაოები მაქსიმალურად მაღალხარისხიანად უნდა იყოს შესრულებული. გთხოვთ, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ხალხთან, პირადად მიდით ყველა სოფელში, უბანში, რათა მაქსიმალურად გავიგოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე მათი გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ", - განაცხადა გუბერნატორმა.

გარდა ამისა, ლევან შონიამ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, დასუფთავების სამსახურების 24 საათიანი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს დიდ ტურისტულ ნაკადს ელოდებიან.

„ჩვენი რეგიონის ინტერესი ტურიტებში იზრდება, წელს სამეგრელო-ზემო სვანეთი ბევრად მეტ ტურისტს უმასპინძლებს, ვიდრე გასულ წლებში, ამიტომაც ყველა ტურისტულ მარშუტზე და ლოკაციაზე უნდა იყოს მაქსიმალური სისუფთავე. თუ საჭირო გახდება, მოახდინეთ დამატებითი მუშახელის მობილიზება და პირადად გააკონტროლეთ თქვენს მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება“, - უთხრა მან მუნიციპალიტეტების ხელძღვანელ პირებს.

ლევან შონიას ინიციატივით, დედამიწის დღეს, 22 აპრილს დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდება, სადაც მონაწილეობას რეგიონის მასშტაბით 5000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს. დასუფთავდება პრობლემური ლოკაციები, სადაც დასუფთავების სამსახურები ყოველდღიურ მუშაობას ვერ ახერხებენ.

თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებმა მხარეში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

Print