ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ისევ ოზურგეთში გადაიყვანენ
ზუგდიდიდან უპატრონო ძაღლებს ოზურგეთის რაიონ სოფელ დვაბზუში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაკელიძე გადაიყვანს. მასთან ხელშეკრულება მერიამ უკვე გააფორმა.

შესაბამისი ტენდერი ბოლო ორი თვის განმავლობაში მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ მეოთხე ჯერზე გამოვლინდა. მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა გიორგი მაღლაფერიძემ შესთავაზა. მან წინა ტენდერში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებული კომპანიის „ვექტრას“ სახელით მიიღო, თუმცა ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, ძაღლების თავშესაფარში მოთავსებისა და სხვადასხვა მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.

მას შემდეგ, რაც მერიის მიეც გამოცხადებული ტენდერი სამჯერ არ შედგა, მერიამ გადასაყვანი ძაღლები რაოდენობა 461-დან 375-მდე შეამცირა.

2015 წელს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ამავე თემაზე:


ზუგდიდის მერიის წინ შენობის კედელზე აქტივისტმა მიუსაფარი ცხოველები დახატა (ფოტო)
Print