რეგიონი
საინფორმაციო შეხვედრა აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებასთან მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიასა და ასოციაცია „გზამკვლევის“ ორგანიზებით ჩატარდა. მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აუტისტური სპექტრის აშლილობის  მქონე ბავშვები, მათი მშობლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ასოციაცია „გზამკვლევის“ დირექტორის ირმა ნოდიას თქმით, მთავარ გამოწვევად კვლავ საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება რჩება. მისივე ინფორმაციით, არიან დედები, რომლებიც მალავენ საკუთარი შვილების მდგომარეობას, რადგან მათ გარშემომყოფების დამოკიდებულების ეშინიათ.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის გვეთქვა და მიგვეწვდინა ხმა, გვესაუბრა თუ რა არის აუტიზმი. როგორ შეიძლება დავეხმაროთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს. ეს იყო იმ დედების მესიჯი დედებს, რომლებსაც ჰყავთ აუტისტური სპექრის მქონე შვილები, მაგრამ ეშინიათ და არიდებენ საზოგადოებას. დღესაც მალავენ, რამეთუ ცნობიერება არ ააქვთ. მათ მოვუწოდებთ, რომ არ შერცხვეთ. აუტიზმი არ არის დაავადება, ეს არ არის ის რისი დაძლევაც არ შიძლება. ამისთვის მთავარია მშობლების გვერდში დგომა“, - აღნიშნა ნოდიამ.

ზუგდიდის მერიის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნინო სხულუხიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას და მასში უკვე 40-მდე ბენეფიციარია ჩართული.

„ამ ბავშვების დაფინანსება დავიწყეთ 2015 წლიდან და მაშინ, თუ რვა ბავშვი იყო ჩართული, დღეს უკვე 43 ბავშვის წინ დგას ეს საჭიროება.სამწუხაროდ არის მზარდი სტატისტიკა . პროგრამაში ჩართულია 40-მდე ბავშვი, ხოლო მომლოდინეთა სიაში გვყავს სამი ბავშვი. სამწუხაროდ წლევანდელი ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ გვაძლევს. საჭიროება აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, თუმცა ფინასური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პროგრამა მაინც მოვაგვარეთ და არცერთ მუნიციპალიტეტს არ ყავს ასე ცოტა რაოდენობა მომლოდინეთა სიაში“, - თქვა სხულუხიამ.

თავის მხრივ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიმ და აღნიშნა,რომ აღნიშნული გამოწვევის დაძლევა ერთმანეთის გვედში დგომით შესაძლებელია.

გარდა ამისა დამსწრეებს,2 აპრილს გადაღებული ვიდეო რგოლი უჩვენეს, რომელიც რადიო "ათინათის" დახმარებით ჩაიწერა. ვიდეოში აუტიზმის აშლილობის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები საკუთარი  შვილების შესახებ ყვებიან.

ამავე თემაზე:

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე - ზუგდიდელი მშობლების ვიდეო ბლოგი (ვიდეო)
Print