რეგიონი
რუსი სპეციალისტები აბაშაში ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ
რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნენ, სადაც ფასროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. შეხვედრის დროს, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ რომ მავნებელთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება და ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება.

„სწორად და მეცნიერული გათვლებით არის განლაგებული დამჭერი მოწყობილობები იმისათვის, რომ მავნებლის იდენტიფიცირება დროულად მოხდეს და შემდეგ ქიმიურად დამუშავდეს. მოხარულები ვართ, რომ ყველაფერი გათვლილი და მეცნიერულად დასაბუთებულია. იმედი გვაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენც გამოვიყენებთ თქვენს გამოცდილებას“, - განაცხადა ნატალია სოლოვიოვამ.

სააგენტოსვე ცნობით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით.

„მავნებელთან ბრძოლის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

რუსმა სპეციალისტებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და ვითარების გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარიული ლაბორატორია და აღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის მონიტორინგის სისტემებიც დაათვალიერეს.

Print