რეგიონი
ცაიშის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ სამმა პარტიამ წარადგინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". ზუგდიდის # 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია 13 აპრილს დასრულდა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, სოფლის სამივე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის შესაბამისად, სიები უკვე გაკრულია და ამომრჩეველს საკუთარი თავის გადამოწმება ადგილზე შეუძლია. აქ ჯამში 2 829 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ამავე თემაზე:

"ევროპულმა საქართველომ" ცაიშში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა (ვიდეო)
Print