რეგიონი
სოფელ კახათში ხეების ტრანსპორტირებისას ელექტრო და გარე განათების ბოძები დაზიანდა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ დენის მიწოდება გუშინ, გვიან ღამით შეუწყდათ. მათივე ცნობით, ელექტროსადენები ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ადგილზე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები, რომლებიც დაზიანებული სადენების აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ.

„წუხელ ჩააქრეს და მას მერე არ გვაქვს. გვიან წაიღეს ხეები. მოსახლეობამ წივილ-კივილი ატეხა. აპროტესტებდნენ იმას, რომ შუქი ჩაგვიქრეს, მაგრამ უშედეგოდ. დღეს პირველ საათზე მოვიდნენ და დაიწყეს მუშაობა, მაგრამ არ ვიცით, როდის გვექნება შუქი“, - ამბობენ ადგილობრივები.

გარდა ამისა, ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანდა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძები. მათი ნაწილი წაქცეულია, ნაწილი გადახრილი, სანათები კი დამტვრეული.

ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მუნიციპალური ქონების დაზიანების შესახებ ინფორმირებულები არიან და ბოძებს ხეების გადამზიდი კომპანია აღადგენს.

„ვიცით ბოძების შესახებ. დაგვიკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და გვითხრა, რომ თვითონ მოაგვარებენ ყველაფერს“, - ამბობენ მერიის პრესამსახურში.

კომპანია „ვი სი ვიმ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასწლოვანი ხე შეიძინა. მცენარეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ამავე თემაზე:

ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის სოფლებიდან ხეების გადატანა დაიწყო (ვიდეო)


Print