ახალი ამბები
აფრასიძეების ცხედრებს ექსჰუმაცია 14 წლის შემდეგ ჩაუტარდა
2004 წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეც-ოპერაციის დროს დაღუპული ევგენი და ომეხ აფრასიძეების ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდათ. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაუდასტურა. მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გამოძიებამ ცხედრების ექსპერტიზა მოითხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის ძალიან მძიმე იყო, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად და გამოძიების სრულყოფილად ჩასატარებლად აუცილებელი იყო, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რომელიც თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა. შედეგებს უახლოეს დღეებში გავეცნობით“, - აღნიშნა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ოჯახი იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და მათი მტკიცებით, ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებენ.

სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე იყო. აფრასიძეების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა.

Print