ახალი ამბები
რუხში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ სასუთბურე მეურნეობაში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სანერგე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებული 15 პირია დასაქმებული.

„პროექტის პირველ ეტაპზე 0,5 ჰა ფართობზე თანამედროვე წვეთოვანი და ფერტიგაციის სისტემებით აღჭურვილი სადედე პლანტაცია მოეწყო. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ლურჯი მოცვის 5 სახეობის 4000-მდე ნერგის გამოყვანის მიზნით განხორციელდება კალმების აღება სადედე პლანტაციაში და მათი რეკომენდირებული მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სათბურში განთავსება. 2020 წლიდან დაგეგმილია მოყვანილი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

მეურნეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ამერიკის განვითარების სააგენტო „USAID“-ს პროექტ ZRDA თანადაფინასებით განხორციელდა.


Print