ახალი ამბები
მარტვილში დანაშაულში მხილებული საჯარო მოხელეები თანამდებობებს ამ დრომდე იკავებენ
მარტვილის მერიის „საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები, რომლებიც სუს-მა დანაშაულში ამხილა, საჯარო უწყებაში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ უთხრა. მისი თქმით, მერიის თანამშრომლების დანაშაულში მხილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს და მხოლოდ ის იცის, რომ საგამოძიებო უწყებამ ისინი დაკითხა.




„როცა გვექნება ოფიციალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, ამ ფაქტის შესახებ არაფერი ვიცოდით. თუ არის და იქნება რამე დარღვევა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამ წუთისთვის ეს თანამშრომლები გათავისუფლებულები არ არიან“, - აღნიშნა გრიგალავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მაღალჩინოსანი დიმა წ. დააკავეს, ხოლო „საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის“ 7 წევრი დანაშაულში ამხილეს.

ამავე თემაზე:

სუს-მა მარტვილში ერთი მაღალჩინოსანი თაღლითობის ბრალდებით დააკავა, ხოლო 7 ამხილა

Print