რეგიონი
ზუგდიდში ევროპის კვირეული დაიწყო (ვიდეო)
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავს აღნიშნავს. დაგეგმილი ღონისძიებები მარათონით გაიხსნა, რომელიც ქალაქის მთავარი ხეივნის გასწვრივ გაიმართა. ღონისძიების დასრულებამდე ბულვარის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იყო.



შეკრებილებს სიტყვით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელმა მიმართა. მან შუმანის დეკლარაციაზე და ევროკავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



"დღეს ჩვენ დავიწყეთ ევროპის კვირეულის აღნიშვნა, ის რაც დაიწყო წინა შაბათ-კვირას მთელ ევროპაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ევროპას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ზოგადად მშვიდობისთვის და კონფლიქტების მოგვარებაში", - აღნიშნა ჰაკან რაპიმ.



მისივე ცნობით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სოფლებს. აქ მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუშაობის პროცესში" ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში 9 მაისს გაიმართება, სადაც კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება.

68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.

ზუგდიდში ევროპის დღის აღნიშვნა მარათონით დაიწყება

Print