ახალი ამბები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინურ ნავსადგურთან ითანამშრომლებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა და ჩინურმა პორტმა "ლიენიუნგანგმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს, რომელმაც, მათივე ცნობით, აბრეშუმის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინური პორტის მენეჯმენტს უმასპინძლა და მათთან მოლაპარაკებები გამართა.

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და "ლიენიუნგანგის" პორტის ჰოლდინგის პრეზიდენტმა ჭუ სიანგიანმა. ანაკლიის პორტის ინფორმაციით, ლიენიუნგანგის პორტი აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარეობს და ის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია.

„ანაკლია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რეგიონში ტვირთნაკადის გაზრდის მიმართულებით. პორტ ლიენიუნგანგისთვის იგი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება და ჩვენ თანამშრომლობის დიდი სურვილით ჩამოვედით. გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ ორივე მხარის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი,რომელიც განსაზღვრავს პორტებს შორის სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებს. ლიენიუნგანგი ასევე აკვირდება ანაკლიაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრაზე ლიენიუნგანგის პორტის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პროექტის დეტალები გააცნო და მოლაპარაკებები გამართა მულტინაციონალური კორპორაციის „კოსკო შიფინგ ლაინზის“ მენეჯმენტის ჯგუფთანაც, რომელსაც კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უმასპინძლა. სტუმრები შესრულებულ სამუშოებს გაეცნენ.

„კოსკო შიფინგ ლაინზი“, რომლის სათავო ოფისიც შანხაიში მდებარეობს, საკონტეინერო გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე სპეციალიზდება.

საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც შეხცვდა. კონსორციუმის ცნობით, ქუმსიშვილმა შუა დერეფნის განვითარებისათვის ხაზი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას გაუსვა.



Print