რეგიონი
"პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ოთხწლიანი პროექტი იწყება. მას ადგილზე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი" (KRDF) განახორციელებენ. პროექის პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება. დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაცია „აფხაზეთისა“ და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაიტერ-სმარიტერ- ბუნდის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს.

მათ მოწვეულ სტუმრებს პროექტში დაგეგმილი აქტივობებისა და იმ სიკეთეების შესახებ ესაუბრნენ, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიიღებენ. კერძოდ, სამოქალაქო ორგანიზაციები კავშირების გაძლიერების მიზნით ჩამოაყალიბებენ ერთიან ქსელს, ჩატარდება ტრენინგები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მოეწყობა სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ, დაფუძნდება სოციალური საწარმოები და სხვა.


„ვფიქრობ, რომ სხავადსხვა მუნიციპალიტეტიდან 10 პროექტს დავაფინასებთ, რომელიც შემუშავებული იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმართველობის მონაწილეობით. ამ პროექტის მიზანი სოციალური საკითხების განვითარება და გაუმჯობესებაა“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა თამარ ხურცილავამ.

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ დირექტორი ნუკრი მილორავა პროექტის სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი ათი სოციალური საწარმოს დაფუძნებაა.

„პროექტს აქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი ესაა შეიქმნება კავკასიის რეგიონული ქსელი. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და დაფუძნდება სოციალური საწარმოები“, - თქვა მილორავამ.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ საქართველოს 10 რეგიონში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.



 

Print