რეგიონი
ნიკანორ მელია: ქართული საგუშაგო რომ არ გაეუქმებინათ, ოთხოზორია ცოცხალი იქნებოდა (ვიდეო)
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

საფლავზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ენმ-ის ლიდერის ნიკანორ მელიას თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან 2012 წელს საგუშაგო რომ არ გაეუქმებინა, გიგა ოთხოზორია დღეს ცოცხალი იქნებოდა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ მოსახლეობა დღეს საოკუპაციო რეჟიმთან პირისპირ მარტო არის დატოვებული და ხელისუფლებას ოთხოზორიას მკვლელის დასასჯელად სათანადო ზომები არ მიუღია.

„სანამ გიგა ოთხოზორიას მკვლელები, რომლებმაც მუხანათურად, სასტიკად საკონტროლო გასროლით მოგვიკლეს საქართველოს ტერიტორიაზე 31 წლის ბიჭი, დადიან თავისუფლად დაუსჯელები, ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც იქნება მმართველი, უპრინციპო და სამარცხვინოა. ვინაიდან დღეს "ქართული ოცნებაა" მართვის სადავეებთან, მე ვამბობ, რომ ჩვენ გვყავს უპრინციპო და უთავმოყვარეო, ღირსებაყრილი ხელისუფლება, რომელმაც ელემენტარულად ვერ მოახერხა გიგა ოთხოზორის მკვლელების დასჯა და მეტიც, ვერ შეძლო საერთაშორისო დონეზე პროტესტის კონსოლიდაცია მოეხდინა, იმიტომ, რომ მათ თვითონ არ ჰქონდათ საკმარისი რეაგირება ამ მკვლელობისა და მკვლელების მიმართ“, - აღნიშნა მელიამ.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ამავე თემაზე:

გიგა ოთხოზორიას დედა: პოლიტიკური ნების არარსებობამ დამნაშავის დასჯის პროცესი შეაფერხა

Print