რეგიონი
მერაბ ქვარაია მელიას: ოთხოზორიას საფლავზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არაეთიკურია
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან გიგა ოთხოზორიას საფლავზე გააკეთა. მაჟორიტარის თქმით, დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული განცხადებების გაკეთება სულ მცირე არაეთიკურია.

„დღევანდელ დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებული განცხადებების კეთება სულ მცირე არაეთიკურია. მელიას უნდა ესმოდეს, რომ დღეს გიგას მკვლელის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება ქართული სახელმწიფოს მხრიდან რამდენად რთულია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, იყენებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, ყველა ტრიბუნას რომ დამნაშავე დაისაჯოს და ეს შედეგი აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ქვარაიამ.

ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. საფლავზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სადაც ენმ-ის ლიდერმა ნიკანორ მელიამ თქვა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან 2012 წელს საგუშაგო რომ არ გაეუქმებინა, გიგა ოთხოზორია დღეს ცოცხალი იქნებოდა. ოპოზიციონერის განმარტებით, მოსახლეობა დღეს საოკუპაციო რეჟიმთან პირისპირ მარტო არის დატოვებული და ხელისუფლებას ოთხოზორიას მკვლელის დასასჯელად სათანადო ზომები არ მიუღია.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ნიკანორ მელია: ქართული საგუშაგო რომ არ გაეუქმებინათ, ოთხოზორია ცოცხალი იქნებოდა (ვიდეო)

მამუკა წოწერია: ყველა საერთაშორისო ასპარეზს გამოვიყენებთ ოთხოზორიას მკვლელის დასასჯელად (ვიდეო)

Print