ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ შესაძლოა გასვლითი სხდომები ჩაატაროს (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინიციატივით, სხდომები, შესაძლოა, მერიის შენობის გარდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სოფლებში ჩატარდეს. წოწერიას იდეა საკრებულოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ დღეს მერიაში იურიდიული კომისიის წევრებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.

"ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა მაქსიმალურად, რომ იყოს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, ამისთვის მოვიფიქრეთ ერთ-ერთი ეს ფორმა", - აღნიშნა კაკავამ და დასძინა, რომ ინიციატივა შემუშავების პროცესშია.

გასვლითი სხდომების ჩატარებას მიესალმება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადგილობრივი ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა, თუმცა ამბობს, რომ მთავარია, რამდენად გაითვალისწინებს საკრებულო მოსახლეობის საჭიროებებს.

"რაც უფრო დაუახლოვდება ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს, მით უკეთესია, თუმცა მნიშვნელოვანია, ასახავს თუ არა მათ საჭიროებებს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში. მოქალაქეთა ჩართულობას აზრი აქვს, როცა ის იყენებს მექანიზმს და ასახავს მუნიციპალიტეტი სამოქმედო გეგმაში", - თქვა თოდუამ.



საკრებულოში იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს გამართა.

Print