რეგიონი
მსაუსტ შამბა: საქართველოდან კონტრაბანდული საქონლის შემოდინებამ იკლო
დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოადგილემ მსაუსტ შამბამ ენგურზე არსებული საკონტროლო - გამშვები პუნქტის მუშაობის შესახებ ისაუბრა. მან გამოცემა "აიაირას" უთხრა, რომ "საქართველო-აფხაზეთის საზღვარი სტანდარტებს არ შეესაბამება და ის სავალალო მდგომარეობაშია".

"ექსპორტზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ უფლება გვაქვს თხილი გავაფორმოთ საბაჟოზე, რასაც ვაკეთებთ კიდეც. რაც შეეხება იმპორტს, აქ ყველა კატეგორიის საქონლის შემოტანაა აკრძალული, მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის ნებადართულია ხელბარგის გადმოტანა, რომელიც 50 კილოგრამს არ უნდა აჭარბებდეს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს ეხება გალის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებიც ზუგდიდის რაიონში სურსათს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სხვა საქონელს ყიდულობენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შემოდის თუ არა საქართველოდან "აკრძალული, კონტრაბანდული საქონელი", საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ცალკეული პირები ახერხებენ სხვადასხვა სახის სქონლის ხელბარგით შემოტანას, თუმცა დიდი ოდენობით, მსგავსი პროდუქციის შემოტანა არ ფიქსირდება. მისი განმარტებით, ძირითადად, ეს არის სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამშენებლო მასალა, ჭურჭელი, სუვენირები, ტანსაცმელი და საიუველირო ნაწარმი.

შამბა თვლის, იმისთვის, რომ "კონტრაბანდული" საქონლის შემოდინება შემცირდეს, სრულყოფილი გამშვები პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს და მიღებულ იქნას სატარიფო ზომები, რომლებიც საქართველოდან შემოტანილ საქონელზე დაწესდება.

"საქართველო არ ცნობს ჩვენს საზღვრებს, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეს არის სახელმწიფო საზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ უნდა იყოს ყველა შესაბამისი სამსახური, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას შეასრულებს. უბრალოდ კონტრაბანდის აკრძალვით პრობლემა არ გადაიჭრება", - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა.



Print