ახალი ამბები
აფხაზური ლიმონი ადლერის საბაჟოდან უკან დააბრუნეს
რუსეთის სანიტარული უწყების მიერ აფხაზურ პროდუქციაზე დროებით დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების გამო, გასულ კვირაში ადლერის საკონტროლო პუნქტში 9 კილოგრამი ლიმონი და დაფნა ამოიღეს, წერს გამოცემა „აიაირა“.

ამავე ცნობით, „როსსელხოზნადზორის“ კრასნოდარის მხარის და ადიღეს რესპუბლიკის სამმართველოს სპეციალისტებმა საკარანტინო პროდუქცია ხელბარგში აღმოაჩინეს და აფხაზეთში დააბრუნეს.

აღნიშნული შეზღუდვები რუსეთის ფედერაციის ფიტოსანიტარული და ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის 12 მარტს დააწესა.

მანამდე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთიდან რუსეთში გატანილი მანდარინის შემოწმებისას, გამოვლინდა საკარანტინო ობიექტი - აზიური ფაროსანა. აღნიშნული ობიექტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, „როსსელხოზნადზორი“ შემდეგ ღონისძიებებს ატარებს: გაძლიერებულია კონტროლი იმ ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე, სადაც მავნებელია გავრცელებული, ტარდება საინფორმაციო კამპანია მავნებლის გამოვლენის და ლიკვიდაციის მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი. ამასთან ერთად, ასევე ფედერალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოების მიერ ტარდბა ერთობლივი ღონისძიებები დაცულ ბუნებრივ ზონებსა და დასახლებულ პუნქტებში.


Print