რეგიონი
ზუგდიდის მერი "რუსთავი 2"-ის მიმართ გამოხატული პოზიციის გამო წუხს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ფესბუკზე მის მიერ გამხატული მოსაზრების გამო წუხილს გამოთქვამს. მან შესაბამისი განცხადება სოციალური ქსელით ცოტა ხნის წინ გაავრცელა:

"ვინაიდან ჩემს სტატუსს მოყვა დიდი აჟიოტაჟი, მინდა საჯაროდ და გარკვევით ვუთხრა ყველას: პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში.

თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან.

ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას", - ნათქვამია გოგიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

დღეს ზუგდიდის მერი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჯერ აღნიშნული განცხადება გააზიარა, მოგვიანებით კი პოსტიც დაწერა, რომელშიც ბიზნესმენებისადმი მიმართვა და  ტელეკომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადება იკითხება. ამასთან დაკავშირებით, მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ აღნიშნული პოსტი მან ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებლის გვერდიდან აიღო და საკუთარზე გამოაქყვეყნა. მან ასევე თქვა, რომ ის ტელეკომპანიის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს ეთანხმება.

Print