ახალი ამბები
ტექნიკური დირექტორი ენგურჰესის ავარიულ გათიშვაზე: ძალიან მძიმე სიტუაცია იყო
ენგურჰესზე ამჟამად ავარიის კერა ლიკვიდირებულია და აგრეგატები ჩასართავად მომზადებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა. მისივე თქმით, დაწყებულია სადერივაციო გვირაბის შევსება. ხუბუას განმარტებით, ეს ის არხია, სადაც წყალი ჰიდრავლიკურ ტურბინებში მიედინება.

„ეს არის ძალიან დიდი გვირაბი და უკვე მესამედია ავსებული. როგორც კი შეივსება, მერე შეიძლება ჰესის ამუშავება. სადერივაციო გვირაბიდან წყლები ჟონავს, ამიტომ ცოტა რთულია წინასწარ იმის გაგება, როდის შეივსება, თუმცა, ჩვენი აზრით, ოთხშაბათს უკვე უნდა ჩავრთოთ აგრეგატები“, - თქვა ხუბუამ.

რაც შეეხება ენგურჰესზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის მიზეზებს, ხუბუა ამბობს, რომ ერთ-ერთი ტექნოლოგიური მილი, რომელიც გადაკეტილი იყო, გასკდა. მისივე თქმით, აღნიშნულ მილი გამოუყენებელი იყო და შესაბამისად ის რისკის შემცვლელ ფაქტორად არ განიხილებოდა.

„ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალსაცავი თითქმის მთლიანად ავსებული იყო. იქ რომ ადამიანი ყოფილიყო, ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა გადარჩენა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ხუბუამ.

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული მეხუთე აგრეგატი მთლიანად ლიკვიდირებულია და საფრთხეს აღარ წარმოადგენს, დანარჩენების გაუქმება კი შემოდგომაზე მას შემდეგ იგეგმება, რაც ჰესზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

24 მაისს, საღამოს 20 საათსა და 11 წუთზე ენგურჰესის ავარიული გათიშვის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის უბნების უმეტეს ნაწილს. ელექტროენერგია ჰქონდა შეზღუდული ოჩამჩირის, გალის, ასევე გულრიფშის რაიონებსაც.

ამ ეტაპზე, ელექტროენერგია მოსახლეობას თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტირებული რესურსით მიეწოდება. ენგურჰესის ხუთივე ჰიდროაგრეგატი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს.


ამავე თემაზე:

სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა ენგურჰესის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია
Print