რეგიონი
განმუხურში მოსახლეობა გაზის უფასოდ შეყვანას ითხოვს
სოფელ განმუხურში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ოჯახებისთვის სახლში უფასოდ გაზის შეყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მათ ადგილობრივი ხელისუფლება დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. მათ საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

„თუ ეკუთვნოდა უფასოდ ერთი წერტილის შეყვანა კოკის, ორსანტიისა და შამგონის მოსახლეობას, მაშინ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ჩვენს სოფელსაც ეკუთვნის, არ ვითხოვთ უკანონოს არაფერს“- ამბობენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-დან დათა შელიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე მან აღნიშნული საკითხი არაერთხელ დააყენა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ განმუხურის მოსახლეობის მოთხოვნასთან დაკავშირებული შუამდგომლობის წერილი ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაგზავნილია.

საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. მის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება.





Print