ახალი ამბები
მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი ბრალს არ აღიარებს
გუშინ ზუგდიდში დაკავებული ცოლ-ქმრის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ისინი ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ბავშვი ნამდვილად წამოიყვანეს.

„სახლში იყვნენ მისულები, რადგან ამ ოჯახის სესხის თავდები იყო დაკავებული ე.კ. და იმის სათხოვნელად მივიდა, რომ ამ სესხის დაფარვაზე ეზრუნათ. რაც შეეხება ბავშვის წამოყვანას, ის ხშირად იყო მათთან და უვლიდნენ. ამჯერადაც წამოიყვანეს, აჭამეს, მოაწესრიგეს, გატაცებულ ბავშვს ასე ვინ ექცევა?“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ უჩივლა პოლიციაში ცოლ-ქმარს.

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი გუშინ საკუთარი სახლიდან აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, ბავშვმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა და მის დაბრუნებას მანამ არ აპირებდა, სანამ ოჯახი ვალს არ დააბრუნებდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

სავარაუდოდ გატაცებული ბავშვის დედა: ჩემმა შვილმა მითხრა, ვალის გამო წამიყვანესო

Print