ახალი ამბები
ფოთში მოსწავლე-მასწავლებლის დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მეცხრე კლასის დამრიგებელმა მაია კუციამ უთხრა. მისი თქმით, მათემატიკის მასწავლებლის მხრიდან ბავშვების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემთხვევაში კი კონფლიქტი მასწავლებლის მხრიდან შემაჯამებელი წერის ხელახლა დავალებას მოყვა.

"მე როცა შევედი კლასში და დავინახე ატირებული ბავშვი, ეს ნამდვილად ძალადობა იყო. მით უფრო, რომ უსამართლოდ გადაწყვიტა მასწავლებელმა, ბავშვს ხელახლა დაეწერა შემაჯამებელი დავალება", - თქვა მაია კუციამ.

რადიო "ათინათი" მოსწავლის მშობელსაც დაუკავშრიდა, თუმცა მან ჩვენთან მომხდარზე არ ისაუბრა და გვითხრა, რომ "ყველაფერი კარგადაა". ჩვენთან საუბარი არც მასწავლებელმა ისურვა.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი ამბობს, რომ მომხდარს სკოლაში დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც აღნიშნული კომიტეტი მიიღებს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

Print