რეგიონი
უცხოელი ექსპერტები მუხურში ჯომარდობისა და კანიონინგის ინსტრუქტორებს ამზადებენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში კანიონინგის ინსტრუქტორებისთვის გადამზადების კურსი მიმდინარეობს. ტრენინგები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, პროფესიულად ის გიდები გადამზადდებიან, რომლებიც რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ემსახურებიან. მათივე ცნობით, გიდებს საერთაშორისო ექსპერტები გადაამზადებენ. ისინი ჯგუფის მართვის ტექნიკებს ასწავლიან და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ.

„მაღალპროფესიონალ გიდად ჩამოყალიბების პროცესი კომპლექსური ხასიათისაა და გულისხმობს შემდეგს: კანდიდატები უნდა იყვნენ გამოცდილი მთისა და ძნელად მისადგომი ადგილების დალაშქვრაში, ასევე უნდა ფლობდნენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა - ჯგუფის მართვა, რისკების მართვა, ინსტრუქტაჟის ჩატარება და ხელმძღვანელობა. ტრენინგები დაყოფილია 2 კატეგორიად: წყალზე და ხმელეთზე მიმდინარე გადამზადება. წყალზე მიმდინარე ტრენინგები მოიცავს, ჯომარდობის, კანიონინგისა და დაივინგის დისციპლინებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოირჩევა ულამაზესი გამოქვაბულებისა და კანიონების სიჭარბით, ქართველი ინსტრუქტორები მაინც არ არიან განებივრებული საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებით და გარდა ამისა მათ არ აქვთ სიღრმისეული ცოდნა სამაშველო ტექნიკების შესახებ“, - აცხადებენ  სააგენტოში.

სასერტიფიკატო კურსის მიზანია, კანიონინგის მაღალპროფესიონალ ინსტრუქტორებად ჩამოყალიბება, პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები გიდების გადამზადება, რათა შემდგომში მათ რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება.



Print