ახალი ამბები
ანა წითლიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი ინფორმაციით, საქმე ეხება იმ საკითხებს, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე გააჟღერა. საუბარია ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

"როგორც გამომძიებელმა მითხრა, საქმეს პროკურატურასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იძიებს, შესაბამისად, როგორც პროკურატურის, ასევე, სუს-ის გამომძიებლის კითხვებს ვუპასუხებ. დაბარებული ვარ მოდულის შენობაში", - თქვა წითლიძემ.

დაახლოებით, 10 დღის წინ წითლიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი განცხადების საფუძველზე პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გამოძიება დაიწყო. წითლიძის თქმით, მათ მიერ შეტანილ განცხადებაში გუბერნატორ ლევან შონიას, მუნიციპალიტეტის მერ ლაშა გოგიასა და ვიცე მერ გია გულორდავას სახელებია მითითებული.

თავის მხრივ, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყოფენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავასა და ანა წითლიძეს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებისთვის“ სასამართლოში უჩივლა.

ამავე თემაზე:

სამეგრელოს გუბერნატორი ენმ-ს წევრებს სასამართლოში უჩივის 

წითლიძე: სავარაუდოდ, ლევან შონიას დაკითხავენ



Print