ახალი ამბები
ხაჯიმბა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე და ქართველების HaHa ემოცია მის ფოტოზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მის დასწრებას ასახავს. ის ჩემპიონატის გახსნას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად დაესწრო.

ხაჯიმბა წერს, რომ ის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფოტოებს, რომლებზეც ხაჯიმბა პუტინთან და ცერემონიის დამსწრე სხვა ლიდერებთან ერთადაა, სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი „HaHa“ (დამცინავი) ემოციას უწერს, რაც მოწონების აღმნიშვნელ ემოციას სჭარბობს.

14 ივნისს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პრეზიდენტების გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ლიბანის, საუდის არაბეთის, უზბეკეთის, , ბოლივიისა და პარაგვაის ლიდერები დაესწრნენ.

მანამდე, საქართველოს ფეისბუქ მომხმარებლებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ. მან სირიის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა, რაზეც მომხმარებლებმა პოსტზე რეაქციას "HAHA ემოციით" გამოხატეს.

აღნიშნული ემოცია მოწონების გამომხატველს სჭარბობდა, რის შემდეგაც კოვეს ფეისბუქ პოსტი მხოლოდ მისი ფეისბუქ მეგობრებისთვის იძებნება.

ამავე თემაზე:

დაურ კოვეს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული მილოცვა აღარ იძებნება


Print