ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას მხარს ვუჭერ
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ემზრობა თუ არა ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობას, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის ღმაწყლოვანი პორტი აუცილებლად სჭირდება.

„ასეთი პორტის მშენებლობა აუცილებელია იმისთვის, რომ გავუწიოთ კონკურენცია სხვა ალტერნატიულ დერეფნებს”, - დასძინა ბახტაძემ.



ანაკლიის პორტის მშენებლობა გასული წლის 24 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყო.მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;

• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;

• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Print