რეგიონი
ცხოველთამოყვარული ოზურგეთის თავშესაფარზე: მკვდარი ძაღლები და გაუსაძლისი პირობები დამხვდა (ვიდეო)
ცხოველთამოყვარული ნანა კეკელაშვილი ოზურგეთის ძაღლების თავშესაფარში არსებულ არასათანადო პირობებზე საუბრობს. მან ადგილი, სადაც ზუგდიდიდან გადაყვანილ ძაღლებსაც ათავსებენ, რამდენიმე დღის წინ მოინახულა და იქ არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეოები გადაიღო. მისი მტკიცებით, თავშესაფარში ანტისანიტარიაა და ცხოველებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

"რომ მივედი, მკვდარი ძაღლები გადაჰყავდათ მანქანის მისაბმელით, ახლოს ვერ მივედი - ამას უბრალოდ ვერ გავუძლებდი. მივუახლოვდი ვოლიერებს და პირველი, რაც ვნახე იყო, რომ დიდი ზომის აგრესიულ ძაღლთან ჰყავდა შეყვანილი პატარა ძაღლი და ცოცხლად ჭამდა. მეორე ვოლიერში კი მკვდარი ძაღლი ვიპოვე. ჩემს დანახვაზე იქ მყოფმა თანამშრომელმა დაურეკა გიორგი მაღლაფერიძეს და მესმოდა, როგორ დაავალა, ჩემთვის გადაღების უფლება არ მიეცა. არც წყალი ჰქონდათ ძაღლებს, არც საკვები, რაც მანახეს ძაღლების საკვები ბუზები ეხვია და ყარდა საშინლად. მეორე ნასვამმა კაცმა ცადა წაერთმია პლანშეტი, რომელიც ხელიდან გამივარდა და გატყდა. ჩემზე იწეოდა, ხელით შეხებას არ მოერიდებოდა, ალბათ", - უთხრა რადიო "ათინათს" ნანა კეკელაშვილმა.

მან თავშესაფარში გადაღებული ვიდეომასალა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა.

ცხოველთამოყვარული თავშესაფარში არსებულ ვითარებაზე მოკვლევას და შესაბამის სტრუქტურებისგან რეაგირებას ითხოვს. ის თავშესაფრის ხელმძღვანელის გიორგი მაღლაფერიძის წინააღმდეგ პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების შეტანას.

თავის მხრივ, გიორგი მაღლაფერიძე ცხოველთამოყვარულის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავშესაფარში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

"ნამდვილად იყო ორი მკვდარი ძაღლი. აქედან, ერთი სხვამ მოიტანა დასამარხად, მეორეს კი არ ვიცი რა დაემართა, ღამე კარგად დავტოვე და დილით მკვდარი დამხვდა. რაც შეეხება სიტუაციას, ისეთი მდგომარეობა იმიტომ იყო, რომ "უბორკას" ვაკეთებდით და ყველაფერი გარეთ გვქონდა გამოყრილი. ეს ქალი არის ინტრიგანი და ცხოველების ასეთი მოყვარული თუ არის ერთხელ მოსულიყო და მოეცა რჩევები", - ამბობს მაღლაფერიძე.

ზუგდიდიდან ოზურგეთში უპატრონო ძაღლების გადაყვანა გასულ თვეში დაიწყო. მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან ხელშეკრულება ტენდერის საფუძველზე გააფორმა. დოკუმენტების თანახმად, მან ქალაქიდან 400-მდე მიუსაფარი ძაღლი უნდა გადაიყვანოს და შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ კვლავ ბუნებრივ არეალში დააბრუნოს. აღნიშნული მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.

Print