რეგიონი
წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების ყიდვა-გაყიდვა გამოიწვევს 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა,მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მათი უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა 1000 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.



Print