რეგიონი
ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს (ვიდეო)
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინსიტრო დღეს ზუგდიდში დევნილებს 48 ერთოთახიან, 96 ოთხოთახიან და 96 სამოთახიან ბინას კენჭისყრის პრინციპით გადასცემს. კენჭისყრა ამ წუთებში სპორტკომპლექსის შენობაში მიმდინარეობს. მას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს სხვა წარმოამდგენლები და ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა ესწრებიან. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ბინები პირველ სართულზე კენჭისყრის გარეშე გადეცათ. მისივე ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი აშენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

„ბინების გადაცემის პროცესი სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. დღეს გვაქვს კენჭისყრა, სადაც თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს აირჩიოს, რომელ სართულზე სურს ცხოვრება. სამინისტროს წარმომადგენლები კი იმ დევნილებთან შეხვედრას აგრძელებენ, ვინც წელს ბინა ვერ მიიღო“, - აღნიშნა გიორგაძემ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ნონა შეროზია, რომელმაც ბინების გადანაწილების პროცედურები უკვე გაიარა, ამბობს, რომ 26 -წლიანი ლოდინის შემდეგ ახალაშენებულ კორპუსში ერთოთახიანი ბინა მიიღო.

„26 წელია ბინის მოლოდინში ვარ. ამ დრომდე ნაქირავებში ვცხოვრობდი. ქირას დევნილთა სამინისტრო მიხდიდა. მეკუთვნოდა ერთოთახიანი ბინა და მივიღე კიდეც. მადლობა დევნილთა სამინისტროს“, - თქვა შეროზიამ.

ზუგდიდში 6 ახალაშენებულ კორპუსში წელს ბინა 240-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო და სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა, ნაწილი სამმართველოსთან რჩება(ფოტო,ვიდეო)


Print