ახალი ამბები
მესტიაში ჰესებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში „მესტიაჭალა ჰესი 1"-ისა და "მესტიაჭალა ჰესი - 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრა მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია აღნიშნული ჰესებისა და „იფარი-მესტიის“ რეკონსტრუქციის პროექტის გარემოსდაცვით საკითხებზე.

ამავე ცნობით, შეხვედრა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში 28 ივნისს 17 საათზე დაიწყება.

მესტიის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. გასულ თვეს შს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრები დაესწრნენ, "მესტიაჭალა ჰესი - 1 და 2"-ის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულს არ ეთანხმება ადგილობრივების ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს.

კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “სვანეთი ჰიდროს“ მიერ დაბა მესტიაში მშენებარე ”მესტიაჭალა 1” და ”მესტიაჭალა 2” არადაგუბებითი ტიპის ჰესებს განეკუთვნება და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება.


ამავე თემაზე:

მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აზრი ორად გაიყო
Print