ახალი ამბები
კობახიძე:აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტი გაყინული არ არის. მან ეს განცხადება ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი შეფასებით, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი გახდეს, საქართველოს საერთაშორისო სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.

“მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია ჩვენი უდიდესი პრობლემა - ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. როგორც იცით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ... მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. პირიქით: ამ ტერიტორიებზე სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა. ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში. ამან ცხადყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცე და უწყვეტ მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას რეგიონული და დასავლელი პარტნიორების დახმარებით.

Print