რეგიონი
მაღალი ტემპერატურა სამეგრელოში და მედიკოსების რჩევები
მაღალ ტემპერატურასტან დაკავშირებით ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის ექიმმა ვანდა ქარჩავამ უთხრა, მზეზე გასვლისგან განსაკუთრებულად თავი უნდა შეიკავონ ბავშვებმა, მოხუცებმა და ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სუნთქვის) მქონე ადამიანებმა. ქარჩავა მოსახლეობს ურჩევს, რომ გარეთ გასვლისას ჩაიცვან ღია, ფერადი ტანსაცმელი, დაიხურონ ქუდი, შეძლებისდაგვარად იყვნენ ჩრდილში და მოახდინონ ვენტილაცია.

„აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. სუფთა წყლის რაოდენობა უნდა იყოს 1, 5 ლიტრი მაინც. უნდა მიირთვან ხილი და უნდა მოერიდონ მშრალი საჭმელების მიღებას“, - თქვა ქარჩავამ.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ის მოსახლეობას სიცხისთან გასამკლავებლად ურჩევს:

საცხოვრებელ სახლებში ტემპერატურა არ აღემატებოდეს დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 24 გრადუსს;

მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრები იყოს ღია;

ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს გაგრილებასთან ერთად, დაატენიანებს;

მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;

მიიღეთ გრილი შხაპი და გამოიყენეთ ყინულის პაკეტები; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;

ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალის თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა;

გარუჯვისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები;

მათივე რეკომენდაციით, მაღალი ტემპერატურის დროს, იმატებს როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები. ამავე ცნობით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. სინოპტიკოსები დღეს სამეგრელოს რეგიონში ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.

Print