ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებს დენის მიწოდება ხის გადატანის გამო შეუწყდა
ზუგდიდის სოფლებში, დარჩელსა და ორსანტიაში აბონენტებს გუშინ საღამოდან დღეს დილამდე ელექტროენერგია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოში შეძენილი ხეების ტრანსპორტირების გამო არ მიეწოდებოდათ. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ კომპანიაში განცხადება არაგაბარიტული ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით შევიდა.

„კომპანიისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა სახისაა ეს ტვირთი. ჩვენ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ვალდებულები ვართ, შესაბამისი ზომები მივიღოთ“, - აღნიშნეს "ენერგო-პრო"-ში.

ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ.

რაც შეეხება ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებს, მათ დენის მიწოდება, კომპანიის ინფორმაციით, დილის 4 საათზე აღუდგა. მათივე ცნობით, დაზიანება იმდენად დიდი მასშტაბის იყო, რომ ადგილზე დამატებითი ჯგუფებიც იყო მობილიზებული.

რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების ნაწილს დენი გუშინ დღის 15:00 საათზე სადენების დაზიანების გამო შეუწყდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

Print