ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა შესაძლოა იტალიურმა კომპანიამ დააპროექტოს
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. საუბარია იტალიურ კომპანია „ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE S.P.A.“-ზე, რომელმაც ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებად თითქმის 9 მილიონი ლარი აქვს მითითებული. ამ ეტაპზე გამარჯვებულის გამოსავლენად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

თავად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირების ტენდერი პირველად გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა, თუმცა ის არ შედგა. მეორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი ისევ გამოცხადდა
Print