ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში მათ სიას გამოაქვეყნებენ, ვინც ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის
„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის ასლან ბასარიას თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მაჩვნებებლების მიხედვით გალის რაიონი პირველ, სოხუმი კი მეორე ადგილზეა. ამის შესახებ „აბხაზია ინფორმი“ იუწყება. ამავე ცნობით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით საუბარი ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრაზე შედგა.

დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ ხაზი გაუსვა ენერგოსისტემის სტრატეგიულობას და აღნიშნა, რომ ეს არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სფერო სახელმწიფოსთვის.

„თუ ელექტროენერგიის დავალიანებებთან დაკავშირებულ საკითხს ვერ მოვაგვარებთ, უკიდურესად ცუდ შედეგს მივიღებთ“ - დასძინა ე.წ. მინისტრმა.

მან ასლან ბასარიას დაავალა, შეადგინოს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ურჩ გადამხდელთა სია, რომელთა ვინაობაც 2018 წლის აგვისტოდან ინტერნეტში გამოქვეყნდება.

მან ასევე შესთავაზა „ჩერნომორენერგოს“ დირექტორს იმ ობიექტების გათიშვა, რომლებიც არ იხდიან თანხებს, მათი საქმიანობის სფეროს განურჩევლად.

„თუ სახელმწიფო ობიექტები არ იხდიან შუქის ფულს, მოსახლეობას რაღა უნდა მოვთხოვოთ? მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტარიფი გვაქვს. ადამიანებს აქვთ ძვირადღირებული მანქანები, იზრდება ე.წ „საქორწილო ტარიფი“ და ყველას შეუძლია ამ ტიპის ღონისძიებებისთვის თანხების გამონახვა, ელექტროენერგიის ვალის დაფარვა კი არ უნდათ", - ხაზი გაუსვა არძინბამ.

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას მან შესაბამის სტრუქტურებს ელექტროენერგიის დავალიანებების კუთხით მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ფოტო: ინტერნეტი


Print