რეგიონი
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, აქცია “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი” გაიმართა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით ჩატარდა. შეკრებაზე მისულმა მოქალაქეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალა დაათვალიერეს, რომელიც ქალაქის მთავარ ხეივანში სიმბოლურად განთავსებულ მავთულხლართებზე იყო გამოფენილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას თქმით, მათ ამ აქციით რუსული ოკუპაცია და მისი მხარდამჭერი პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.



"სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გამოფენილია რუსული ოკუპაციის ამსახველი ფოტო მასალები და ფაქტები. ამ აქციის მიზანია გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია და მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ევროპას", - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება და რუსეთი კვლავ აგრესიულია ჩვენი ქვეყნის მიმართ.

"აქ მოვედით ახალგაზრდები, რომ კიდევ ერთხელ დავგმოთ ოკუპაცია", - თქვა შენგელიამ.



საკრებულოს წევრმა სანდრო სორდიამ, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არჩევანი არის მკაფიო და ის ირჩევს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

ენმ-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ კი თქვა, რომ ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპურებული და ეს არ უნდა დავივიწყოთ.

"მე აქ მოვედი, როგორც მოქალაქე. არ უნდა დავივიწყოთ, ის რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და სანამ ეს ასე იქნება მუდმივად უნდა გავაპროტესტოთ", - თქვა ანა წითლიძემ.

ერთ-ერთმა გამვლელმა გზის გადაკეტვა და აქციის შინაარსი გააპროტესტა. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს მეგობარია.

აქციის ფარგლებში დღეს 18:00 საათიდან ზუგდიდის არტ-გალერეაში საჯარო ლექციას ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე წაიკითხავს.








Print