ახალი ამბები
ჭუბერის რწმუნებული: გზა, რომელიც სოფლებს აკავშირებდა, მოშლილია, საფრთხე ემუქრება ცენტრალურ გზასაც
სოფელ ჭუბერის რწმუნებულის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ის გზა მოიშალა, რომელიც რამდენიმე სოფელს ერთმანეთს აკავშირებდა. მისივე ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. როგორც ვიბლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, საფრთხე ემუქრება ცენტრაულ გზასაც.

„მძიმე ღამე გვქონდა მაგრამ სტაბილური, მსხვერპლი არ არის, საბედნიეროდ. წვიმდა წუხელაც და დღეს დილითაც. შედარებით იკლო წყლის დონემ, თუმცა გაჩნდა სხვა პრობლემა, მდინარე ნენსკრა ჭუბერს ორ ნაწილად ყოფს და ის გზა მთლიანად მოშლილია, რომლითაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადავდიოდით. ახლა მიმდინარეობს ალტერნატიული გზების მოძიება, რომ შეგვეძლოს სხვა სოფლებთანაც გადასვლა. ერთ მხარეს არის ექვსი სოფელი და მეორე მხარეს ხუთი. არის აგრეთვე იმის საშიშროება, რომ ცენტრალური გზა წაიღოს, რაც საერთოდ გარესამყაროს მოგვწყვეტს. ტექნიკა მუშაობს, რომ ეს გზა შენარჩუნდეს. მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს და პროგნოზირერბა იმისა, თუ საით მხარეს წავა, რთულია. სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სახლებს რაც შეეხება, შვიდამდე დაზიანდა. წაიღო მოსახლეობის მიწის ნაკვეთები და სავარგულები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნინო ვიბლიანმა.

სტიქიას ჭუბერში უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ჭუბერში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.


ამავე თემაზე:

მერის წარმომადგენელი ჭუბერში: სტიქიის ზონაში საფრთხე გაიზარდა (ვიდეო)

Print