ახალი ამბები
ზუგდიდის ბულვარის ნაწილი დაიტბორა (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის გარკვეული მონაკვეთები წვიმის შედეგად დაიტბორა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ბულვარის ტერიტორაზე საწრეტი მილების გაჭედვაა, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ წყალს არხებამდე მისასვლელი სწორი მიმართულება არ აქვს. აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები დატბორილ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.



„ეს არ არის ბოლო რეაბილიტაციის შემდეგ წარმოქმნილი პრობლემა. უკვე გამოძახებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაასუფთავებენ მილებს. რაც შეეხება წყლის მიმართულების შეცვლას, შევადგენთ პროექტს და უახლოეს მომავალში გადაიჭრება ეს პრობლემა. სულ რამდენიმე ასეული ლარი დასჭირდება ამას“, - აღნიშნა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა ბორის ღადუამ.


აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილებიან.

ბულვარის რეკონსტრუქცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მოეწყო სანიაღვრე არხი და შშმ პირთა დაუბრკოლებელი მოძრაობისთვის განკუთვნილი პანდუსები. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარე განათება. დაიდგა ახალი სკამები და სანაგვე ურნები, დაირგო ახალი მცენარეები. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 910 ათას 532 ლარია.


Print