ახალი ამბები
ანაკლიის ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის
2018 წლის აგვისტოში ანაკლიაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება და მისი მშენებლობის პროცესში ეს კომპანია საგრძნობ ინვესტიციას ახორციელებს.

კონსორციუმის ინფორმაციით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში შემოვა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, Van Oord -ის მფლობელობაში მყოფი გემი „ათენა“, რომელიც ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და რეკლამაციის სამუშაოებს შეასრულებს.



„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მოხარული ვართ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია უერთდება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამშენებლო გუნდის დირექტორმა რონი სოლბერგმა.

კომპანია „Van Oord”- ის რეგიონული დირექტორის გოვერტ ვან ოორდის თქმით კი, ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას.

„განვითარდება, როგორც რეგიონული ვაჭრობის და ლოგისტიკური ჰაბი. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში. სამშენებლო სამუშაოებისთვის ანაკლიაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა შემოგვაქვს რათა მსგავსი მასშტაბის სამუშაო მოცემულ დროსა და მაღალ ხარისხში შესრულდეს”, - აღნიშნა ვა ოორდმა.


ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის სახმელეთო სამუშაოები სრულდება (ვიდეო)



Print