ახალი ამბები
შსს-ს პასუხი რადიო „ათინათს“ პატრულის მიერ საგზაო წესების შესაძლო დარღვევაზე
საპატრულო პოლიციელს ეკრძალება ავტომანქანით პატრულირებისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ის უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რადიო „ათინათი“-სთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ჩვენ უწყებას ოფიციალური წერილით მას შემდეგ მივმართეთ, რაც რადიო „ათინათის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც ჩანს, როგორც გადაადგილდებიან ღვედის გარეშე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

„განცხადების პასუხად საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების დანართი №2 შესაბამისად, საპატრულო პოლიციელს ეკრძალება ავტომანქანით პატრულირებისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ის უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული“, - აღნიშნულია შინგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხში.

რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, როგორც რადიო „ათინათს“ საია-ს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ უთხრა, ეს განმარტებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლში.
აღნიშნულ მუხლში ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა პირს არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მოქმედებს. ასეთ ვითარებაში კი საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი არის მაშინ, როცა საფრთხისგან იცავს სახელმწიფოს, საზოგადოებას, წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს.

„თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი“, -აღნიშნულია ამავე მუხლში.

რადიო „ათინათმა“, დაახლოებით, ორი კვირის წინ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ნაწილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უღვედოდ გადაადგილდება. 

შს სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე გვითხრეს, რომ კომენტარის მისაღებად უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მიგვემართა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში პატრულის თანამშრომლები ღვედის გარეშე მოძრაობენ (ვიდეო)






Print