ახალი ამბები
სალხინოში წიფელსა და წაბლს უკანონოდ ჭრიდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიფლის 27 მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დააფიქსირეს, რის შემდეგადაც მძღოლმა მორები საცხოვრებელი სახლის ეზოში დაცალა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლების მოთხოვნას ხე-ტყის წარმოშობისა და მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ მოქალაქის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდგომაც მათ სამართალდამცავები გამოიძახეს.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მოქალაქემ წიფლის მრგვალი მორები სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოიპოვა.

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სალხინოს ერთ-ერთი კვარტლის დატვალიერების შემდეგ 34 ერთეული წიფლის და 1 ერთეული წაბლის სახეობის ხის უკანონო მოჭრის ფაქტი დააფიქსირეს, ასევე ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. აქვე მათ ტრაქტორი ნახეს, რომელიც ხე-ტყის ბაქნამდე ჩამოსაზიდად გამოიყენებოდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობისა და ზიანის დაანგარიშება, რის შემდგომაც, მასალები შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება.


Print