ახალი ამბები
ქობულია: ანაკლიის პროექტის გადახედვა არ მიგულისხმია
"მე ვიგულისხმე, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბის და კორიდორის სტრატეგიას, საიდან მოდის ეს – საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა“, – ასე განმარტა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული საკუთარი განცხადება.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანამ აღნიშნული გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და ტვირთების გადაზიდვები განავითაროს.

„ჯერჯერობით ეს ხდება, მაგრამ აქ ჩვენ დამატებით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით, თვითონ ამ სტრატეგიას უნდა გადავხედოთ, თუ როგორ გვინდა განვავითაროთ და ავითვისოთ პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს. ეს კომპლექსური ამოცანაა, რომელიც გადახედილი იქნება – პორტები, რკინიგზა, ავტოტრანსპორტი და ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისით“, – განაცხადა ქობულიამ.

მანამდე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი განსახილველი პრიორიტეტია და ის კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.

„ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო და შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას უფრო ახალი თვალით... როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი - ჯერჯერობით პასუხის ამ კითხვაზე არა მაქვს, მაგრამ გვექნება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ პორტი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, მისთვისაც პრიორიტეტია.


ამავე თემაზე:

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ანაკლიის პროექტზე: კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ


Print