ახალი ამბები
რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - სპეციალისტების დასკვნა (ვიდეო)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭუბერში სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ანგარიში დასკვნებითა და რეკომენდაციებით მოამზადეს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექები მოვიდა, რასაც მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის პროცესიც დაემატა.

„ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის - მდინარე ოკრილას ხეობაში. მდინარე ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდინარე ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდინარე ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. მდინარე ნენსკრას აუზში ანალოგიური სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მდინარე ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არ არსებობის გამო სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდ.ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას სტიქიის პერიოდში განვითარებული მოვლენების ამსახველ ანიმაციას და შესაბამის ანგარიშს წარუდგენს.

ვიდეო: გარემოს ეროვნული სააგენტო


ამავე თემაზე:


ბახტაძე: ჭუბერის მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდება
Print