ახალი ამბები
მეუფე გერასიმე მრევლს ვლაქერნობას ულოცავს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე მრევლს ვლაქერნობის დღესასწაულს ულოცავს. რადიო „ათინათი“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ელეონის მთაზე ლოცვის დროს, გამოეცხადა წმიდა მთავარანგელოზი გაბრიელი და წინასწარ აუწყა ამქვეყნიდან გასვლის ჟამი. ღმრთისმშობელი სიხარულით აღივსო, მადლი შესწირა უფალს და წმიდა იოანე ღმრთისმეტყველს ამცნო მოახლოებული აღსასრულის შესახებ, იმ ორ პატიოსან ქვრივს კი, რომლებიც ყველგან თან ახლდნენ განხორციელებული ღმერთკაცის დედას, თავისი შესამოსელი დაუტოვა, რომელიც დროთა განმავლობაში მორწმუნე ადამიანების დიდი მონდომებით ვლაქერნაში, საგანგებოდ მისთვის აგებულ ტაძარში დაბრძანდა. ამ უდიდესი სიწმიდის ვლაქერნას დაბრძანების დღე, საეკლესიო დღესასწაულად დადგინდა და მართლმადიდებელი ეკლესია, დიდი ზეიმით აღნიშნავს მას, ყოველი წლის 15 ივლისს. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქისათვის, სადაც ღვთის განგებამ და ყოვლადწმიდა დედის ნებამ თავისი პატიოსანი სამოსელი დააბრძანა. ეს დღე არამარტო საეკლესიო, არამედ სახალხო დღესასწაულად იქცა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდ სიწმიდეს დიდი გაფრთხილება უნდა. არ გვაქვს უფლება, არ გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს უბოძებს ადამიანს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც.

რამდენად მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელიც. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: ,,მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე და მიწის გარეშე, წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამოქმედების გარეშე, არც ადამიანის ნება – მადლის თანამონაწილეობის გარეშე”. უდავოდ დიდი მადლი გადმოვიდა ჩვენზე და რაში გამოიხატება ჩვენი თანამონაწილეობა, თუ არა ღმრთის მცნებების ერთგულებასა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი დაუღალავ ლოცვაში. ნუ დაგვავიწყდება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს­პატრიარქის ლოცვა­კურთხევა: დღის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოვთქვათ ლოცვის სიტყვები: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ! „ აქვე მინდა გავუსვა ხაზი ერთ გარემოებას – როგორც წმიდა მამები აღნიშნავენ, ყოვლაწმიდა ღმრთისმშობელი, ავლენდა არაამქვეყნიურ მადლმოსილებას, უდრტვინველად იტანდა დევნას, მაჭირვებელთაგან შეურვებული კი არ მრისხანებდა მათზე, არამედ სწყალობდა მათ, შეეწეოდა უპოვართ... თავად სიმდაბლით აღვსილს უპირატესად უყვარდა თურმე მდაბალი ადამიანები. ჩვენც გვმართებს სიმდაბლით, მორჩილებით, სიყვარულით და ურთიერთას სიმძიმის ტვირთვით ავიტანოთ ყოველგვარი განსაცდელი, რომელიც მრავლად არის ჩვენს ეპოქაში და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მეოხებით, მდაბლად შევუდგეთ თითოეული ჩვენს ჯვარს.

ფარავდეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსელი ჩვენს ქალაქს, სრულიად საქართველოსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, -ნათქვამია მილოცვის ტექსტში.


ამავე თემაზე:

ვლაქერნობის დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
Print