ახალი ამბები
მესტიის მერი: ზარალის საბოლოო ოდენობა მომავალ კვირაში იქნება ცნობილი
მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მომავალ კვირაში მიაწვდიან.

ჟორჟოლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამ დროისთვის გეოლოგები და ჰიდროლოგები მუშაობენ, რის შემდეგაც კონკრეტული ტერიტორიების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა მომზადდება და დაცვითი ღონისძიებები დაიწყება.

„წინასწარ მონაცემებით, საცხოვრებელი სახლებისა და წაღებული მიწის ნაკვეთების ზარალი არის, დაახლოებით, 5 მილიონი, თუმცა მე არ მინდა, წინასწარ მოსახლეობაშეცდომაში შევიყვანო და რამე ტყუილი იმედი ჰქონდეს. ჩვენ პასუხიმგებლობა გვაკისრია და სისწრაფეში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. სახელმწიფომ სწორი და უსაფრთხო საცხოვრისი უნდა შეუქმნას ამ ხალხს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად სტიქიის ზონაში საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს, რაც შეეხება დაზარალებულებს, მერის თქმით, „ეს ხალხი დალაგებულია, ყველაფრით უზუნველყოფილია და მიტოვებული არ ჰყავთ“.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დღეს დილით გაავრცელა ანგარიში, რომელშიც ჭუბერში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზეა საუბარი.


ამავე თემაზე:

რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - სპეციალისტების დასკვნა (ვიდეო)
Print