რეგიონი
ზუგდიდში ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბავშვის სავარაუდო გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის ემა კვირტიასა და ვასილ ახალაიას საქმეზე დღეს სამ მოწმეს მოუსმინეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ბრალდებულების ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა უთხრა. მისი თქმით, მოწმეები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და სასამართლოში მათ მიერ  ცოლ-ქმრის დაკავების შესახებ ისაუბრეს.

სხდომა დახურული იყო. როგორც  სასამართლოში გვითხრეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს და ის სავარაუდოდ გატაცებული არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას ემსახურება.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ ერთ-ერთ ბრალდებულს ვასილ ახალაიას წინასწარი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს ემა კვირტიას გირაო - 5000 ლარის ოდენობით 31 მაისს შეუფარდა.

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი საკუთარი სახლიდან 28 მაისს აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, შვილმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა. თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ბავშვი სახლიდან  მოსაწესრიგებლად წაიყვანეს და არა ვალის დაბრუნების მიზნით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალი სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო 

ბავშვის გატაცებაში ერთ-ერთი ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა



Print