ახალი ამბები
ივანიშვილი: ანაკლია-განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე უარს ვამბობ
ბიძინა ივანიშვილი განმუხურში ბოტანიკურ ბაღს აღარ გააშენებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება ანაკლიის უნიკალური კლიმატის გამო შეცვალა.

„მე ვესაუბრე ბევრი სპეციალისტებს ამ თემაზე და დადგა საფრთხე, რომ ეს უნიკალური კლიმატი შეიცვალოს, ამიტომ ბოტანიკურ ბაღს მანდ არ გავაშენებ“, - აღნიშნა მან.

2016 წლის ივნისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განმუხურში 83,5 ჰა მიწის ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღის გაშენების ნებართვა გასცა. ინიციატივა ფონდ „ქართუს“ ეკუთვნოდა. ამასთან დაკავშირებით, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი - "განმუხურის ბოტანიკური ბაღი".

ა.ი.პ-ის შექმნის და ბოტანიკური ბაღის გაშენების საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.იმავე თვეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია გამართეს.პროექტის მიხედვით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სოფელ განმუხურში ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მიხედვით, ბოტანიკური ბაღი 100 ჰა-ზე უნდა გაშენებულიყო, სადაც მოხდებოდა კოლხური სახეობის მცენარეების კონსერვაცია, ასევე, მოეწყობოდა ლაბორატორიები, გაშენდებოდა ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები, მოეწყობოდა სხვადასხვა ექსპოზიცია და დაარსდებოდა სკოლა ახალგაზრდებისთვის. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 200 მილიონ დოლარს შეადგენდა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ასევე ითქვა, რომ ბოტანიკური ბარის ფუნქციონირებისას, დაახლოებით, 200 ადგილობრივი მოსახლე უნდა დასაქმებულიყო.

ამავე თემაზე:

ბოტანიკური ბაღისა და სასტუმროს პროექტების პრეზენტაცია განმუხურში (ვიდეო)

"ფონდი ქართუ" განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებს (ვიდეო)
Print