ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე ანაკლიაში: სამეგრელო არის სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი (ფოტო, ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო. ის მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერებთან ერთად ზუგდიდში მატარებლით დღეს ჩამოვიდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს გაესაუბრო, საბოლოოდ კი შეხვედრა ანაკლიაში ადგილობრივებთან გამართა.




ვაშაძის თქმით, კამპანიის სამეგრელოდან დაწყების მთავარი მიზეზი ის არის, რომ სამეგრელო სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითია. მან აქ არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.



„აქაური მაცხოვრებელი პატრიოტიზმში არავის შეეჯიბრება, თუმცა, თუ საჭირო გახდა, სამეგრელოდან პატრიოტიზმის ექსპორტი შეიძლება. სამწუხაროა, რასაც აქ ვხედავთ. ყველაფერი გაჩერებულია. არაა სამუშაო ადგილები, ღირსეული შემოსავლები, ადამიანები ვერ ხედავენ პერსპექტივას, ჩავარდნილია საკურორტო სეზონი. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ამ არჩევნებში სამეგრელოს თითოეულ მოსახლესთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავაყენებთ მთავრობას, რომელიც უსუსური, უცოდინარი, უქნარა და ამავე დროს, მავნებელია ჩვენი სამშობლოს ინტერესების მიმართ“, - აღნიშნა ვაშაძემ.



მასთან ერთად ადგილობრივებს მოძრაობის ლიდერებიც გაესაუბრნენ. მათ შორის „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაც იყო, რომელიც საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამასთან, მან 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი მიღწევა ერთიანობა და საკუთარ რიგებში ხალხისთვის მისაღები ადამიანების ყოფნაა.



„ჩვენს მოძრაობაში, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც მოიყარა თავი, მთავარი და დამაგვირგვინებელი წარმატებაა ის, რომ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ჩვენი შეთავაზება და გადაწყვიტა, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. ბევრი ცდილობს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, თითქოს, არ მიანიჭოს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და საზოგადოებას უთხრას, რომ არც აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის კვალდაკვალ შევცვლით ხელისუფლებას, რათა შევაჩეროთ უკუსვლა და წავიდეთ განვითარებისკენ“, - თქვა ქარდავამ.

რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათ ვაშაძის კანდიდატურა მოსწონთ და არჩევნებში მისი გამარჯვების იმედი აქვთ.



„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ვაშაძე არის კანდიდატი. გვაქვს იმედი, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება უკეთესი მომავალი ჩევნი ქვეყნისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანაკლიელმა ჯილდა შენგელიამ.

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.

ამაზე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება








Print