ახალი ამბები
ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებთან დაკავშირებით ფინანსური პოლიცია შევიდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს ფინანსური პოლიციის ღონისძიება. როგორც კი დასრულდება, ჩვენ ინფორმაციას მოგვაწვდით“, - ამბობენ საგამოძიებო უწყებაში.

რაც შეეხება ინფორმაციას ხაიშსა და ჭუბერში 1200 პოლიციელის შესვლის შესახებ, უწყებაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ სამართალდამცავთა გარკვეული რაოდენობა მესტიაში უსაფრთხოების მიზნით იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის მიგვემართა.

სოციალურ ქსელში დღეს დილით ფეისბუქ მომხმარებელმა ზურაბ ნიჟარაძემ სახელით „სვანეთის ხაიში“ გაავრცელა ფოტო და მიმართვა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ხაიშისა და ჭუბერის თემებში 1200 პოლიციელი იყო შესული.

"ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით, დაახლოებით, 1000-12000 პოლიციელია შემოსული ხაიშსა და ჭუბერის თემებში. ხელისუფლება კვლავ ხელების გადაგრეხის პოლიტიკით მუშაოს. არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება… მხოლოდ ჰესები და ოქროს წარმოება! მოვუწოდებ ყველა ზენობრივ ადამიანს, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, დიპკორპუსს – დაიცავით თქვენი და ჩვენი სვანეთი განუკითხაობისგან! ან მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით”, - აღნიშნულია ნიჟარაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

დამატებით დეტალებს რადიო „ათინათი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ფოტო: ზურაბ ნიჟარაძე



Print